ექსპერიმენტული “შემეხე” 18+ ცენზით
21 დან 26 იანვრის ჩათვლით რუსთაველის თეატრისა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში დადგმული, ერთობლივი ქართულ ინგლისური სპექტაკლის, “შემეხეს” პრემიერები გაიმართება, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. სპექტაკლი რეალურ ამბებზეა აგებული. საკმაოდ არასტანდარტული, უჩვეულო და თამამი წარმოდგენაა. რომლის ნახვა 18 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდირებული არ არის.
6 ახალგაზრდა სასკოლო დერეფნის მსგავს ოთახშია გაჭედილი. ისინი ასაკისთვის შეუფერებელი ბავშვური თამაშებით ირთობენ თავს . ცდილობენ საეჭვო მომავალს ოპტიმისტურად შეხედონ. მღერიან სიმღერებს, ყვებიან ისტორიებს და მაყურებელს სთხოვენ დახმარებას , რათა გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში.
ცხოვრების აღქმა კი ბავშვობისას განცდილ სექსუალური ფანტაზიების გაცნობიერებით იწყება. “შემეხეს” გმირები ზრდასრულ ასაკში ცდილობენ გაიაზრონ “ბავშვური თამაშები” . იხსენებენ ისტორიებს, რომელიც როგორც წესი მეხსიერების ყველაზე მივიწყებულ ხვეულებში ილექება. ყველაზე რთულ პროცესს კი მათი გახსენება წარმოადგენს. რაც ხშირად ადამიანში ჩაბუდებული მრავალი კომპლექსის მიზეზი ხდება. სპექტაკლის მთავარი პლიუსიც, არა სიშიშვლე ან აკადემიური თეატრის სცენისთვის უჩვეულოდ თამამი სცენებია, არამედ სწორედ კარგად შერჩეული თემაა. რომელიც გვაძლევს იმის ინსპირაციის საშუალებას, რომ თავადაც დავიწყოთ საკუთარ ბავშვობაში გადახდენილ მსგავს ისტორიებზე ფიქრი. და თუნდაც საკუთარ თავთან ვაღიაროთ მათი ნამდვილობა.
გამორჩეულია მსახიობებისა და მაყურებლების ურთიერთობაც , არ გაიკვირვოთ თუ სრულიად მოულოდნელად თავადაც შემოგთავაზებენ სცენაზე ასვლას და მათთან ერთად თამაშს. ან ვიდეო კამერას ჩართავენ და პროექტორის მეშვეობით დარბაზში მჯდომი მაყურებლები სცენის გმირებიც გახდებით. შეიძლება მსხვილი ხედით თქვენზეც შეაჩერონ კადრი . ვიდეო კამერა სპექტაკლის ერთ ერთი რეკვიზიტია , რომელიც გარკვეული სცენებისას მოქმედებაში მოდის და მაყურებელს აძლევს საშუალებას სპექტაკლი ერთდროულად რამდენიმე რაკურსიდან აღიქვას.
სპექტაკლი “შემეხე” ერთგვარი მიქსია: ნარატივის , ქორეოგრაფიის , სიმღერის , პერფორმანსის . ერთ სპექტაკლში სხვადასხვა ენითა და ფორმით ცდილობენ ამბის მოყოლას. რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ეკლექტურიც გამოდის. რთულია მსახიობი ერთდროულად კარგად მღეროდეს, ცეკვავდეს და თამაშობდეს კიდეც. სპექტაკლში რამდენიმე სცენა პინა ბაუშის ქორეოგრაფია იყო. რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია და შესაბამისად მცირედი დახვეწა სჭირდებოდა. “შემეხეს” ყველაზე ეპატაჟური მომენტი კი სცენაზე გაშიშვლებული მამაკაცია, რომელიც საკუთარ ფალოსს გვიჩვენებს.
“შემეხე”ს დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ზელდინი გახლავთ, მხატრობა ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის, ტექსტზე კი დავით გაბუნია და ალექსანდრე ზელდინი მუშაობდნენ. სპექტაკლში თამაშობენ როგორც ქართველი, ასევე ინგლისელი მსახიობები: დენიელ ეინსუიორსი , ჯენეტ ეტუკი, ლუკ კლარკი, სალომე მაისაშვილი, შაკო მირიანაშვილი და თეკლა ჯავახაძე.
“obOle” ამბავი ერთი თოფისა
მოკლედ ასეა ეს ამბავი: დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს აკა მორჩილაძის რომანი წავიკითხე. თითქოს მეგონა რომ, ხუთიოდე წიგნი სრულიად საკმარისი იყო მწერლის შემოქმედების გასაცნობად. თუმცა კაცია და გუნება, როდესაც მწერალის ნაწარმოებები გიზიდავს და ის ერთ ერთი პროდუქტიული ავტორია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. თითოეული შემდგომი წიგნი კი წინაზე მეტად საინტერესო და აქამდე გაუგონარი ამბებით დახუნძლული, რთულია თქმა რომ ავტორის შემოქმედებას სათანადოდ იცნობ, მეტად აღარ დაუბრუნდები. საოცარი მიზიდულობის ძალა აქვს. მოდი და გვერდით გულგრილად ჩაუარე.
ასე დამემართა ამ რამდენიმე დღის წინ . უნივერსიტეტში ერთი საათით ადრე მივედი. დროის გასაყვანად კი წიგნის მაღაზია ლიგამუსში შევიარე. გადავშალე “ობოლე” და პირველივე გვერდის ჩაკითხვისას გულიანად ავხარხარდი. ჩამოვჯექი იქვე კიბეზე , ერთი საათის განმავლობაში, ლექციის დაწყებამდე “დრო გამყავდა”. წიგნის თაროზე დაბრუნება არც მიფიქრია . სულ რაღაც 7.90 ლარის გადახდის შემდეგ ის ჩემი საკუთრება გახდა.
იმ დღეს ლოდინი დამებედა. ლექციის შემდეგ მეგობართან ერთად კინოში წასვლა გადავწყვიტე. თუმცა ამჯერადაც საათზე მეტხანს მომიხდა კინოთეატრის მოსაცდელში ჯდომა. თავს ობოლეს კითხვით ვირთობდი და ვცდილობდი წიგნის კითხვისას განცდილი სიცილი არ შემტყობოდა. არა და კარგი სანახავია იმის ყურება, თუ როგორ იცინის სხვა წიგნს კითხვისას. სულ მგონია რომ დონ კიხოტს კითხულობს . სხვა წიგნზეც ხომ შეიძლება გაგეცინოს, მე ეს დონ კიხოტი მაქვს ამოჩემებული .
ობოლე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2011 წელს გამოსცა. მასზე მუშაობა აკა მორჩილაძემ კი, ლონდონში 2011 წლის ივლისში დაასრულა. წიგნი ერთი თოფის შესახებაა “ობოლე” ასეთი სახელი შეარქვეს ამ ჯერ კიდევ გაუსროლელ 200 წლის თოფს , რომელმაც რამდენიმეჯერ ასე პაციფისტურად იხსნა მისი პატრონები უეჭველ სიკვდილს. “ობოლე” მივიწყებული ისტორიების გახსენებაა, რომელიც იმერეთის ერთ ერთ დაბაში ვითარდება. ირაკლი წიგნის მთავარი გმირია. მურის ციხისთავების შთამომავალი. გათბილისებული, ვაკელი ბიჭი,ბიჭიც აღარ ეთქმის შუახნის კაცია უკვე. ის ბაბუისეული სახლის შესაკეთებლად ორი დღით უბრუნდება წინაპართა კერას და ისტორიებიც იწყება.
იმერული ისტორიები, დაახლოებით ისეთი “იმერულ ესკიზებში” რომ გაქვთ ნანახი. თავისი გადაპატიჟებებით, გადმოპატიჟებებით, იმერული ხაჭაპურებითა და გასვენების რიტუალითურთ. გასვენებების გარეშე როგორ იქნებოდა აბა. ეს ყველაფერი კი მწერლის უშუალო ენითაა მოთხრობილი, ენით რომელიც იმერულ კილო კავსაც შესანიშნავად მოერგო. წიგნი ერთი წუთითაც არ გიტოვებთ მოწყენის საშუალებას.
ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიას აღუძრავს წიგნის მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. ხან სიზმარია, ხან ცხადი ხან სიმთვრალე და ხან ბახუსი. ბოლოს მარიხუანით კაიფიც. გაისვრის კი ობოლე? ვინ იცის…
წიგნი უდაოდ საინტერესოა. ვერ იტყვი რაიმეთი განსაკუთრებული ამბები ტრიალებსთქო, ან დიდი ფილოსსოფიაა ან ისტორიული წიაღსვლებიო. მაგრამ არც ამის ნაკლებობაა. გულწრფელი ისტორიებია და ეს გხიბლავს ყველაზე მეტად, ყოველგვარი გადაპრანჭულობების და მორთულ მოკაზმულობის გარეშე. ალალად და გულიანად მოთხრობილი. ერთი ესაა წიგნის აუდიტორიაა მცირე, ობოლე მხოლოდ ქართველ მკითხველზეა გათვლილი. ეს ქართველი მკითხველი კი, მით უფრო თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერესებული თითზეა ჩამოსათვლელი. არა და რომც თარგმნო, რთულია უცხოელმა რამე გაუგოს ამ ქართულ ამბებს, ან როგორ უნდა თარგმნო ეს იმერული კოლო კავი. თან ისე წიგნის “მუღამი” რომ შეინარჩუნო. მოკლედ დასაფასებელი ამბავია, გირჩევთ წიგნის შეძენას . მანამდე კი შეგიძლიათ გადახედოთ პირველ გვერდებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფეისბუქის გვერდზე .
გაამაგრე გუდიაშვილი! აღადგინე სურბ ნშანი!
გუდიაშვილის მოედანზე, 15 იანვარს მოძრაობა “გაამაგრე გუდიაშვილის” ფარგლებში, რიგით მეორე აქცია გაიმართა სახელწოდებით “მინიფესტი! როგორც მანიფესტი! vol.2″. აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მიზნად ისახავდა როგორც პარკის გამოცოცხლებას გარკვეული ტიპის კულტურული ღონისძიებით, ასევე აქციის მონაწილეთა შორის იმ ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდარ გაუგებრობას მოყვა. აქციის თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა გასაყიდად გამოეტანა ნივთები . იყიდებოდა სხვადასხვა სახის ტკბილეული, გლინტვეინი, წიგნები, ნახატები, უკრავდა სასიამოვნო მუსიკა, ასევე გაიმართა ცეკვის კონკურსი, რომლში გამარჯვებულ წყვილსაც პრიზის სახით 100 ლარი გადაეცათ . აქციის სლოგანი ასე გამოიყურებოდა
შევინარჩუნოთ ავთენტურობა! არა “სიღნაღიზაციას”! არა იმიტაციას! მეფე შიშველია! მოსაწევი აკრძალულია! საახალწლო გასტრონომიული ტურები დამთავრებულია!
პროტესტი კი, მოყვა თბილისის მერიის მიერ, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მონაწილე, ერთ-ერთ ავსტრიული კომპანიის ვებ გვერდზე გამოფენილ საკონკურსო მაკეტს, რომელიც სრულად არღვევდა მოედნის ისტორიულ იერსახეს და მათ თანამედროვე კომერციული ცენტრებით ანაცვლებდა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ ცხელი დისკუსიები მიმდინარეობდა: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ პროექტი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, ასევე განახლებული აღმაშენებელის გამზირი, იმის მტკიცებულებას იძლევა, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაც იმავე ფორმატით წარიმართება და გაუგებრობასთან გვქონდა საქმე, ხოლო მეორენი ისტორიული შენობების თანამედროვე კომერციული ცენტრებით ჩანაცვლებაზე და მოედნის 50 წლიანი იჯარით გასხვისებაზე საუბრობდნენ.
მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე რამდენიმე დღეში დაიდო ოფიციალური განცხადება, რომელიც ასე გამოიყურებოდა.
ჩვენი პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია. რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის საინვესტიციო გარემოს კვლევაზე გამოცხადებულ კონკურსს, ამის შესახებ ჩვენთვის სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს კერძო ინიციატივას და არანაირი შეხება არ აქვს თბილისის მერიასთან. როგორც ჩვენ განგვიმარტეს, კონკურსს აქვს მხოლოდ კონცეპტუალური და არა რაიმე არქიტექტურული დატვირთვა. თბილისის მერიაში განაცხადი ამის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი და განხილული. რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის განვითარებას, თბილისის მერიაში არსებობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი. ვიზუალიზაციისთვის წარმოგიდგენთ გუდიაშვილის მოედნის ფოტომასალას.
გამოქვეყნდა ასევე გამარჯვებული პროექტის ფოტო მასალა. რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მოედანს ისტორიული იერსახე უნარჩუნდება და სადაო ამ შემთხვევაში მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ საოცრად გავს: ბათუმის, მცხეთის, სიღნაღის თუ ძველი თბილისის განახლებული ქუჩების იერსახე ერთმანეთს. რაც მათ ავთენტურობას უკარგავს. თუმცა როდესაც სახლები ჩამონგრევის პირასაა, მაცხოვრებელთა ნაწილი მერიას ქირით ყავს გაყვანილი მათი უსაფრთხოების მიზნით. მსგავსი ესთეტური კაპრიზები მეორე ხარისხოვანი ხდება. აქციას რეალური საპროტესტო მუხტი რომ ჰქონოდა, იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა ფანჯრიდან არ გადმოგვხედავდა და სახლში თბილად ტელევიზორის ყურებას არ განაგრძობდა შემდეგ. ეს აქცია ხომ პირველ რიგში მათი პირადი საკუთრების დაცვის მოტივით იმართებოდა.


გუდიაშვილის მოედანზე ასევე ხელმოწერების აგროვებდნენ, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სომხური ტაძრის “სურბ ნშან”ის რეაბილიტაციის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ხელისუფალნი სამართლიანად შეგვიძლია დავადანაშაულოდ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უგულისყურო დამოკიდებულებაში. და მათი დანგრევის პირას მიყვანაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ არეგულირებს პოლიტიკას საქართველოს საპატრიარქოსთან. სახელმწიფოსთვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს ეკლესიებს შორის არსებული დავა ტაძრების მფლობელობის შესახებ. ის პირველ რიგში ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და შემდგომ კონკრეტული კონფესიის საკუთრებას. მით უფრო მაშინ როდესაც ტაძარი როგორც კულტურული ძეგლი სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება .
რაც შეეხება ტაძრის ისტორიას: ის თბილისის ცენტრში, სოლოლაკში, აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს.1763 წ. იგი თბილისის შვიდ უმნიშვნელოვანეს ეკლესიათა შორის ირიცხებოდა.საბჭოთა პერიოდში ტაძარი ჯერ მაკარონების საწყობად, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად გამოიყენებოდა. 2002 წელს ხანძარი გაუჩნდა. დღესდღეობით სურბ ნშნანის იატაკი ერთ მეტრამდე ნაგვითაა მოფენილი. ბოლო წლებია, ტაძარს უსახლკაროები და უპატრონო ძაღლები აფარებენ თავს. 2012 წლის 6 იანვარს სურბ ნშანში ისევ ხანძარი გაჩნდა, ხოლო 10 იანვარს გუმბათის საყრდენი ოთხი სვეტიდან ერთერთი ჩამოიქცა. ტაძრის ინტერიერის გადაუდებელი დასუფთავებისა და პირველადი გასამაგრებელი სამუშაოების დაწყების გარდა (რასაც მერია და კულტურის სამინისტროა შეპირებული), დანგრევის პირას მისული ეკლესია მასშტაბურ და სასწრაფო რესტავრაციას მოითხოვს.
კარგია როდესაც პროტესტი გვიჩნდება და პროტესტის გამოსახატავად თუნდაც საკუთარ ახლადჩამოწველილ რძეს გავცემთ, არაფერი არ შავდება ამით . უბრალოდ თემები რომელსაც ვაპროტესტებთ თითიდან გამოწოვილს არ უნდა გავდეს და რეალურად გასაპროტესტებელ აქციებზე კანტი კუნტად არ უნდა დადიოდნენ ერთი და იგივე ადამიანები.
20 წელი/12 თვე წარმატებული პროექტი TBC ბანკისგან
30 დეკემბერს შარდენის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ TBC ბანკის პროექტის “20 წელი/12 თვე” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, ბანკის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად იმართება და მასში მონაწილეობას, ყველაზე მეტად ცნობადი 12 ქართველი მწერალი და ფოტოგრაფი ღებულობს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 12 ნოველა, რის მიხედვითაც ფოტოგრაფებმა ფოტო ილუსტრაციები გადაიღეს. პრეზენტაციაზე შედგა თითოეული ნოველის მიხედვით გადაღებული ვიდეო რგოლის ჩვენებაც, რომელიც საკმაოდ ორიგინალური წინა საახალწლო მისალოცი სარეკლამო რგოლები აღმოჩნდა ქართული ტელესივრცისთვის.
ხსენებული ნამუშევრების მიხედვით, TBC ბანკმა გამოსცა წიგნი-დღიური, კედლის კალენდარი და ასევე დისკი, სადაც ქართული კინომუსიკაა თავმოყრილი. “20 წელი/12 თვე” ერთი წლის განმავლობასი გაგრძელდება და ხელოვნების სხვა დარგებსაც მოიცავს. იგეგმება პროექტის ფარგლებში შექმნილი ნოველების მიხედვით კინოსცენარის დაწერა და ფილმის გადაღება. ფილმის პრეზენტაცია 2012 წლის დეკემბერში, TBC ბანკის იუბილეზე გაიმართება.

პროექტში მონაწილეობას, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავებული 12 მწერალი და ფოტოგრაფი ღებულობს. მათი ერთად თავმოყრა და ერთი პროდუქტის შექმნა, საკმაოდ თამამი ჩანაფიქრია . განსაკუთრებით, თუ კინოსცენარი უნდა შეიქმნას და ფილმი გადაიღონ. რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი საქმე. საინტერესოა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, თორმეტი თვის ამბავს, როგორ გადაწყვეტას მოუფიქრებს რეჟისორი. ცალ-ცალკე თითოეული მოთხრობა მეტ ნაკლებად კარგია, ყოველი შემთხვევისთვის არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ისეთი, რომლის წაკითხვაც დამეზარა და გადავდე. რამდენიმე მათგანი კი ნამდვილად ღირებული პროდუქტია ქართულ მწერლობაში. შესაძლოა 20 წლის შემდეგ აღარავის ახსოვდეს თუ რა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობდა TBC ბანკი საკუთარ კლიენტებს. მსგავსი სახის პროექტები კი უფრო დიდხანს რჩება ადამიანთა მახსოვრობაში.
პირადად ჩემთვის, წიგნი-დღიური მთელი წლის განმავლობაში სამაგიდო წიგნაკი იქნება. რადგან მისი დღიურის ჩანაწერებით შევსება გადავწყვიტე.
პროექტში შემდეგი შემოქმედებითი წყვილები მონაწილეობენ:
- იანვარი: აკა მორჩინაძე – ბესო უზნაძე
- თებერვალი: გურამ დოჩანაშვილი-იური მეჩითოვი
- მარტი: ანა კორძაია-სამადაშვილი-კახა კახიანი
- აპრილი: დათო ტურაშვილი-გიო სუმბაძე
- მაისი: კოტე ჯანდიერი-ლევან ხერხეულიძე
- ივნისი: ზურაბ ქარუმიძე-გურამ წიბახაშვილი
- ივლისი: ნესტან-ნენე კვინიკაძე-ნიკო ტარიელაშვილი
- აგვისტო: თეონა დოლენჯაშვილი-დიმა ჩიკვაძე
- სექტემბერი: ზაზა ბურჭულაძე-დათო მესხი
- ოქტომბერი: ლაშა ბუღაძე-ნათელა გრიგალაშვილი
- ნოემბერი: ზურაბ ლეჟავა-გოგა ჩანადირი
- დეკემბერი: ბესო ხვედელიძე-ირინა აბჟანდაძე
ადამიანები,უფრო ხშირად, სულ უბრალო რამის გამო კარგავენ ერთმანეთს. რაც უფრო მარტივია მიზეზი, მით უფრო მწარეა სინანული(C) კოტე ჯანდიერი
სამეფო უბნის თეატრში თამთა ცხვიტავას პირველი სოლო კონცერტი გაიმართა
23 დეკემბერს სამაფო უბნის თეატრში თამთა ცხვიტავას პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტი მომღერლის სადებიუტო ალბომის ” დასაწყისის ” წარდგინება იყო მსმენელისთვის. სამეფო უბნის თეატრში მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი . დამსწრე აუდიტორიაც ძირითადად შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისგან შედგებოდა. თამთა ცხვიტავას სოლო კონცერტის პირდაპირი ტრანსლირება , ინტერნეტის მეშვეობით, პროექტის პარტნიორის კავკასუს ონლაინის საიტზე ხორციელდებოდა. შესაბამისად ნებისმიერ მსურველს საშუალება ქონდა პირდაპირ ეთერში მოესმინა თამთას სადებიუტო კონცერტისთვის.
თამთა ცხვიტავა ხმის ჩამწერი კომპანია ბრავო რეკორდსის ახალი სახეა. ის ფართო აუდიტორიისთვის აქამდე უნობი მომღერალი იყო . თამთა თითქმის შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბარებში მღეროდა, ასევე მუშაობდა მუსკომედიის თეატრში . ეს მისი პირველი ნაბიჯებია “დიდ სცენაზე”. მოხარული ვარ რომ მომღერალი რომელსაც აქამდე იუთუბზე პირატულად ატვირთული სიმღერების მეშვეობით ვიცნობდი პოპულარული ხდება და ახალი ვარსკვლავი ჩნდება ქართულ “შოუ ბიზნესში”. რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ხმის ტემბრით , საკუთარი ინდივიდუალურობით და საინტერესო რეპერტუარით.

თამთა ცხვიტავა საკმაოდ ორიგინალურად დაამახსოვრდა ალბათ მსმენელთა დიდ ნაწილს . მან რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს საახალწლო გადაცემის ჩაწერაში . სადაც მისი სიმღერების სატელევიზიო პრემიერა შედგა. გადაცემის ჩაწერისას “ჟურნალისტ” ლალი მაროშკინასა და ბულვარულ გაზეთ პრაიმ ტაიმის რედაქტორ თაკო ფხაკაძეს შორის მომხდარმა ინციდენტმა ყველას დაამახსოვრა სპეციფიურად ჟღერადი ხმის მქონე მომღერალი რომელიც არ დაიბნა არსებულ არეულობაში და სიმღერას გადაცემაში ატეხილი “ჩანგლაობის” ფონზე აგრძელებდა.
თამთა ცხვიტავას ალბომში “დასაყისი” 13 სიმღერაა შესული . სიმღერები სტილისტურად მრავალფეროვანია , არის როგორც სპეციალურად მისთვის დაწერილი სიმღერები ასევე უცხოური სიმღერების ქავერ ვერსიები, ალბომში შესულ ყველა სიმღერაზე საავტორო უფლებები დაცულია . თამთა ცხვიტავას ალბომი გაყიდვაში იანვრის თვიდან გამოვა.
მეც მქონდა საშუალება დღეს დავსწრებოდი მომღერლის პირველ სოლო კონცერტს. და დიდი ხნის სურვილი ცოცხლად მომესმინა მისი შესრულებისთვის ამესრულებინა. კონცერტი თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თითოეულ სიმღერას წინ უძღოდა ვიდეო ჩანაწერი სადაც: სიმღერის ავტორები , პროდიუსერები , მომღერლები , პროექტის მონაწილე მუსიკოსები და თავად თამთა წარდგინებას უკეთებდნენ სიმღერას. სცენა შავ თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი რომელიც სანთლებითა და ჭაღებით იყო განათებული , რაც საკმაოდ მყუდრო გარემოს ქმნიდა და სამეფო უბნის თეატრის ინტერიერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. თამთამ ადვილად შეძლო მსმენელის მოხიბვლა და თითოეული სიმღერის შემდეგ მხურვალე აპლოდისმენტებს იმსახურებდა. ნერვიულობა თამთას მხოლოდ კონცერტის ბოლოს სამადლობელო სიტყვის წარმოთქმისას შეემჩნა . მან შესანიშნავად გაართვა თავი პირველ სოლო კონცერტს . ჩემი აზრით ქართულ “შოუ ბიზნესს” ნამდვილად აკლდა მისი საშემსრულებლო მანერის მქონე მომღერალი .
კონცერტის ბოლოს დამსწრე სტუმრებს მისი ალბომი გადმოგვცეს საჩუქრად. ალბათ ძალიან სუბიექტურიც ვარ ამ ეტაპზე გამორჩეულად საყვარელი სიმღერაც კი არ მაქვს, ყველამ თითქმის თანაბარი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით კი ანა კალანდაძის ლექსზე ჯუმბერ ამანათაშვილის დაწერილი სიმღერა მომწონს. რომელსაც საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს. თამთა ცხვიტავა სოხუმიდანაა, მან ეს სიმღერა ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა რომელიც კონფლიქტის შემდეგ საზვღის მეორე მხარეს დარჩა .
პოსტის ბოლოს კი წარმატება მინდა ვუსურვო თამთას და მადლობა გადავუხადო ლამაზი საღამოს ჩუქებისთვის.








ბოლო კომენტარები